logo
ENG



"მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძეს" - ილია მეორეს წერილი კირილეს

23 ივნ 202117:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრაიქო კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წერილს აქვეყნებს, რომელიც მან რუსეთის პატრიარქს, კირილეს მისწერა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით. 

წერილში ნახსენები არაა "ოკუპირებული ტერიტორიები" - ილია მეორე ყვება, რომ ზაზა გახელაძე ცხინვალის რეგიონთან არსებული "დროებითი საზღვრის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის "გაუცნობიერებლად მოხვდა".

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული წერილის შინაარსი ასეთია:

"თქვენო უწმიდესობავ,

მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა  თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე  და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს,  რათა იგი პატიმრობიდან  გაათავისუფლონ  და  ოჯახს  დაუბრუნდეს. კარგად  გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება  სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც  გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედივნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში  განმტკიცებისათვის".

ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე დღეს ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას გეგმავდა, თუმცა, მისივე თქმით, პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, გადაიფიქრა, ხელისუფლებას კი 1-თვიანი ვადა მისცა.

გუშინ, 22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.


close დახურვა